mdinareuli formebi - gamozidvis konusi, gamotanis konusi

 

დედამიწის ზედაპირის რელიეფის აკუმულაციური ფორმა, რომელიც გვხვდება მდინარეების, ხევებისა და მთის ნაკადულების შესართავებში. წარმოადგენს ნახევარკონუსისებრ ბუნებრივ ამაღლებას, რომელიც იქმნება მდინარეთა აკუმულაციის შედეგად. სახელდობრ: როდესაც მთის მდინარესა ან ნაკადულს მთისწინეთის დადაბლებულ ადგილებში გამოაქვს მყარი მასალა (ქვიშა, კენჭი, და სხვ.) ხდება ამ მასალის აკუმულირება მთის ძირში და წარმოიქმნება სუსტად ამოზნექილი რელიეფი. დამახასიათებელია საშუალო ან პატარა მდინარეებისათვის, რომლებიც მთის ტერიტორიიდან იჭრებიან მთისწინეთის მოვაკებულ ადგილებში. გამოზიდვის კონუსისთვის ნიშანდობლივია ზრდა, ხოლო ქვემო მონაკვეთში გაგანიერება. მათი ზომები და მოხაზულობა დროთა განმავლობაში იცვლება.

გვხვდება ისეთი გამოზიდვის კონუსები, რომლებიც ხასიათდებიან სუსტი შედგენილობის გრუნტით. ხშირად გამოირჩევა მოსავლიანობით; მასზე ზოგჯერ გაფანტულია დასახლებული პუნქტები.

საქართველოში გამოზიდვის კონუსი ფართოდაა გავრცელებული. მეტად ცნობილი გამოზიდვის კონუსები გვხვდება კახეთში. მაგალითად მდინარე დურუჯის გამოზიდვის კონუსი, რომლის ფართობია დაახლოებით 35 კმ². გამოზიდვის კონუსზე მდინარე დურუჯი იტოტება კიდეც. ზომები 10 X 6,5 კმ. განთქმულია ასევე მდინარე თურდოს გამოზიდვის კონუსი (ზომები 7,5 X 3,2 კმ). გამოზიდვის კონუსებს საქართველოს სხვა მდინარეებიც ქმნიან.